26 სექტემბერი 2018,   01:58
ვრცლად
პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომისიას შეწყალების თხოვნით, ბაქრაძის ოჯახის წევრმაც მიმართა. მისივე განცხადებით, წესრიგში იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც შეწყალებისთვის საჭიროა. 

პრეზიდენტმა დღესვე განაცხადა, რომ კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს.
„ვიცით რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად... 2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

"მან ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა ურყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, ფსიქოლოგის დადებით დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ, პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.

"მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლებაზე. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელშიც ყველა ინფორმაცია გაგაცანით, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები