06 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ამ წუთებში თამაზ ილურიძე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავებს აწვდის. როგორც თამაზ ილურიძემ განაცხადა, ის საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით იმყოფებოდა, როდესაც მისი დაკავება მოხდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად გაჰყავდა პირუტყვი და ამ დრომდე მსგავსი პრობლემა არ შექმნია. თამაზ ილურიძე აცხადებს, რომ ის ოკუპანტებმა იარაღის მუქარით დააკავეს და თავდაპირველად არცევში, მოგვიანებით კი ცხინვალში გადაიყვანეს.

თამაზ ილურიძის ინფორმაციით, მისი სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართა. მან არ იცის გადაიხადა თუ არა ვინმემ ჯარიმა მისი გათავისუფლების სანაცვლოდ.

ილურიძე ოკუპანტებმა გუშინ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როცა პირუტყვს მწყემსავდა.

თანასოფლელები ყვებიან, რომ როდესაც ორი პირი საქონელს მწყემსავდა, ოკუპანტებმა მათი გატაცება სცადეს, თუმცა ერთი მათგანი გაიქცა, 52 წლის თამაზ ილურიძე კი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წაიყვანეს.

ფლავისმანელების თქმით, მათ მომხდარის შესახებ დროულად შეიტყვეს და ოკუპანტებს დაედევნენ. თუმცა მათი განცხადებით, გამტაცებლები სროლით დაემუქრნენ, რის გამოც ფლავისმანელები იძულებულები გახდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ.

დღის ამბები