26 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
ქუთაისის მერმა გადაწყვიტა დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა გასცა - ენმ

ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გივი შუშანიამ გააკეთა. 

ენმ-ს წევრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მერიამ უკვე გასცა ქალაქში ჯიხურების ჩადგმის ნებართვა, სადაც მისივე ინფორმაციით, სურსათის გაყიდვა მოხდება. 

შუშანიას ინფორმაციით, მერია ხვალ ჭავჭავაძის გამზირიდან გარემოვაჭრეების გაძევებას გეგმავს, იმ ადგილას კი სადაც გარე ვაჭრობა მიმდინარეობს ჯიხურები ჩაიდგმება. 

ოპოზიცია "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" თანამშრომლობაზე საუბრობს, რადგან მათი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების უკან "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე დგას.

""ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ჯიხურების ეპოქა 90–იანი წლების გადმონაშთია, რომელიც დიდი ხანია დასრულდა და ჯიხურების ადგილი 21–ე საუკუნის საქართველოში არ არის. ჯიხურების ნებართვა გაიცა შპს „მადლზე“, რომლის უკანაც პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის ქართულ ოცნებასთან და სუს-თან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და პატრიოტთა ალიანსის დახმარებით მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის ფორმირება.

"ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან. 4 წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება. 
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელსაც ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები ეწირება,"-განაცხადა გივი შუშანიამ. 

"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის მერიაში უპასუხეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის თქმით,  შპს "მადლთან" 2014 წელს გაუქმებული ხელშეკრულების აღდგენა სასამართლოს წესით მოხდა. 

გიორგაძის განცხადებით, ქუთაისის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებს. 

დღის ამბები