24 მაისი 2018,   15:51
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილება - ოპოზიცია „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიების პრივილეგირებულობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობაში მწვავე დაპირისპირების ფონზე, მმართველმა გუნდმა პარლამენტის მიერ სამჯერ ჩაგდებული კანონი მაინც დაამტკიცა. პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიათა დაფინანსების წესი რადიკალურად იცვლება.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ექცევიან „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიები, თუმცა ყველაზე მეტად პრივილეგირებული თავად მმართველი გუნდი რჩება.

კანონის მიხედვით, დაფინანსებისა და კვალიფიცირებული პარტიის სტატუსის მისაღებად 3% ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის. საკმარისია, პარტიამ პარლამენტში ერთი მაჟორიტარი გაიყვანოს, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი მიიღოს.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მის სატელიტ პარტიებს ერთი მაჟორიტარის გაყვანაში დაეხმარება, შემდეგ პარლამენტში 6 დეპუტატს ათხოვებს და ფრაქცია შეიქმნება, სანაცვლოდ კი ეს პარტია ბიუჯეტიდან მილიონიან დაფინანსებს მიიღებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ქართული ოცნების ე.წ. 4 სატელიტი პარტიაა - „მწვანეები, „კონსერვატორები“, „სოციალ-დემოკრატები“ და „მრეწველები.“

„მრეწველები“ არიან პირველები, რომლებსაც ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ დაფინანსება ბიუჯეტიდან 736 ათას ლარამდე გაეზრდებათ.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები