18 ოქტომბერი 2018,   08:09
ვრცლად
სომხური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, მზადა არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს

სომხური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, მზადა არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

ერევანში სახალხო პროტესტის ლიდერი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან სწორედ ამ თემაზე გამართავს კონსულტაციებს.  

ოპოზიციის ლიდერის თქმით, რესპუბლიკურ პარტიასთან მოლაპარაკება ხვალიდან დაიწყება.

ის დიალოგის წინაპირობად პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, პარლამენტის სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ჩართვას ასახელებს.

„მოლაპარაკება მხოლოდ ამ ფორმატში შედგება, სხვა შემთხვევაში მას აზრი არ აქვს. ჩვენი დღის წესრიგი ნათელია. პირველი იყო სერჟ სარგსიანის გადადგომა, ეს შესრულდა. მეორე და მთავარი არის ის, რომ პრემიერის პოსტზე უნდა დასახელდეს სახალხო კანდიდატი. რესპუბლიკური პარტიის არცერთი წარმომდგენელი ვერ გახდება ვერც კანდიდატი და ვერც პრემიერმინისტრი. ხვალიდან განვაახლებთ ქმედებებს და იმედი გვაქვს, რომ მმართველი პარტია და გადამდგარი მთავრობა გააცნობიერებს, რომ საწინააღმდეგოს მოთხოვნას აზრი არა აქვს, არც უნდა შეეცადონ ხელისუფლების შენარჩუნებას,“ - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მოლაპარაკების ერთადერთი საკითხი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იქნება.

„სარგსიანი ამბობდა, რომ 7%-იანი პარტია ვერ ისაუბრებს ხალხის სახლით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა ამის შემდეგ. ახლა სომხეთში ხუმრობენ, რომ 7 პროცენტი 90-ზე მეტია. ყველამ გააცნობიეროს პოლიტიკური ვითარება, ჩვენს მოძრაობას აქვს მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა,“ - აცხადებს ფაშინიანი.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, გარდამავალი მთავრობა შეიქმნება, რომელიც საარჩევნო კოდექსს შეცვლის. ის ასევე განმარტავს, რომ სომხეთში მომხდარ რევოლუციას გეოპოლიტიკური კონტექსტი არა აქვს და არც ამერიკასთან და არც რუსეთთან მის მოძრაობას კომუნიკაცია არ ჰქონია.

„სომხეთის და რუსეთის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიზანია მათი მოგვარება. მთავარი პრობლემა ჩვენს რეგიონს უკავშირდება, მათ შორის, მთიან ყარაბაღს და აზერბაიჯანს. რუსეთი აწვდის იარაღს აზერბაიჯანს და ამით არღვევს ძალთა ბალანსს. ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც უნდა ველაპარაკოთ რუს კოლეგებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის ამბები