27 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
შს სამინისტრომ 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 754 პირი

შს სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციების შედეგად 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო.

როგორც შს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველებმა პირველი იანვრიდან 24 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით 18 კგ ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღეს.

პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, აქედან 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-რეალიზების ბრლდებით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს""-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დღის ამბები