02 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
თუ იქნება მცდელობა საერთო აზრის ხისტი ფორმირების, ამით პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალება - გედევან ფოფხაძე 

რამდენჯერმე გადადებულ და გაჭიანურებულ შეხვედრაზე პარტიის ხელმძღვანელობამ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ მიიწვია. მათ შორის არის გედევან ფოფხაძე, რომელიც პირველი იყო ვინც პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირების დეტალებზე ისაუბრა.

ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ პარტიის პოზიცია არასწორია და შეხვედრას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გაიმართება, საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით უნდა დასწრებოდა. ფოფხაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მისი და მისი თანამოაზრეების საკითხზე პარტიის ხელმძღვანელებმა და კოლეგა პარლამენტარებმა მათ გარეშე უნდა იმსჯელონ.

„თუ ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს წესით ასეთ განხილვებს, სწორი იქნება. შეიძლება პირადი უკმაყოფილების გრძნობაც გვქონდეს ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იქნება მცდელობა საერთო აზრის ხისტი ფორმირების, რა თქმა უნდა ამითი პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მმართველ გუნდში მრავალი მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს ნუკრი ქანთარია.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ და მერე სხვებიც დახუჭავენ თვალს და ამით პრობლემა გაქრება, ამით პრობლემა არ ქრება. აქ არის როგორც შიდა პარტიული, ასევე საპარლამენტო პრობლემები, ასევე საზოგადოებრივი და ეს ყველაფერი ამომრჩეველთან არის დაკავშირებული,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები