27 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
თბილისის მერის სიმამრის მიერ შეძენილი მიწის ფართობი - საეჭვო გარიგების უკან ოპოზიცია კახი კალაძის ოჯახის ინტერესებს ხედავს

ოპოზიცია დედაქალაქის მერს და მისი ოჯახის წევრებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

სადაო 6 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც დედაქალაქის მერის სიმამრმა კახეთში შეიძინა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში მდებარეობს.

ოპოზიცია ეჭვობს, ამ გარიგების დროს არეშიძეს მისი სიძის, კახი კალაძის, ახლო ნათესავი ლობირებდა, რომელიც ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეა.

ბოლო ხელშეკრულება კახი კალაძის სიმამრთან სახელმწიფომ 2018 წლის თებერვალში გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, ბადრი არეშიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ახლოს თბილისის მერის სიმამრს, თითქმის, 2 ჰექტარი ტყის მასივი 10-წლიანი იჯარით გადასცეს.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ აუქციონი სპეციალურად კალაძის სიმამრისთვის გამოაცხადეს, რადგან ტერიტორიის შესყიდვის სურვილი მხოლოდ მან გამოთქვა და აუქციონის ერთადერთი მონაწილე ბადრი არეშიძე იყო.

ტერიტორია, სადაც ბადრი არეშიძე ტბის მოწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს, შემოღობილია და იქ ადგილობრივებს შესვლა ეკრძალებათ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, თუ მთავრობა ტერიტორიების გასხვისებას არ შეწყვეტს, ადგილობრივები საძოვრების გარეშე დარჩებიან.

კალაძეების ოჯახთან ნათესაური კავშირი დაადასტურა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა, კახა ჯამბურია უარყოფს, რომ მიწის ნაკვეთების მიყიდვა ბადრი არეშიძეზე მისი ჩართულობით ხდებოდა.

 

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები