03 მაისი 2024,   13:07
ვრცლად
გაუგებარია, რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უშიშროების საბჭოს - პრეზიდენტი ხელისუფლებას აკრიტიკებს

„მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში სწორი და ადეკვატურია,"- აცხადებს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანია, რომ არ წამოეგოს რუსეთის პროვოკაციას და არ მივცეთ "განვითარების აგრესიულ ფაზაში მყოფ" რუსეთს გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

პრეზიდენტის თქმით, ეს სტრატეგიული პოლიტიკა კიდევ უფრო აქტუალურია, მაშინ როცა საქართველო და მთელი მსოფლიო რუსეთთან ურთიერთობის ახალ ფაზაში შევიდა.

პრეზიდენტის თქმით, 2018 წელი რუსეთის მხრიდან განსაზღვრული იქნა, როგორც ცივი ომის იმიტაციის შექმნის მცდელობა.

„ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ მესამე ქვეყნებში რომელიც დაცული არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, იარაღის ჟღარუნი განახორციელოს ქვეყანამ. ამიტომ დღე ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება  ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ახალ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს ჩვენი გაერთიანება პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად, იმ ღირებულებების ირგვლივ რასაც ჰქვია, საქართველოს ერთიანობის მთლიანობის დაცვა,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილისთვის ამ ფონზე გაუგებარია, რატომ მიიღო ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება.

„რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე, აუქმებს უშიშროების საბჭოს. თვითგადარჩენის ინსტინქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ,“-აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა ასევე მაგალითად მოიყვანა 2015 წელს მისი ინიციტივით დაწყებული დისკუსიების ფორმატი, სადაც ოკუპაციის პრობლემაზე პოლიტიკური პარტიები მსჯელობდნენ, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის გასაკვირი იყო, რომ ამ ფორმატში "ქართული ოცნება" იყო ერთადერთი პარტია, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო

დღის ამბები