03 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
"ეს იყო ყველაზე სუსტი გამოსვლა, რაც კი მე თქვენი გამოსვლებიდან მომისმენია,“ - ხუნდაძე მარგველაშვილს მიმართავს

"ეს იყო ყველაზე სუსტი გამოსვლა, რაც კი მე თქვენი გამოსვლებიდან მომისმენია,“- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ. მან გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა და მისი მოხსენება დაიწუნა.

„საყურადღებო მხოლოდ ერთი იყო, გამოსვლა დაიწყეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის გახსენებით, თქვენ თქვით, რომ დღეს ბევრი არ არის 2012 წლის შემომქმედი პარლამენტში. მე ვარ 2012 წლის შემოქმედთა რიგებიდან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მაგრამ თქვენ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ. აქ ვართ ძველებიც, ახლებიც და ყველაზე ძველებიც. მთავარი არის ღირებულება, ეს არის ღერძი, რის გარშემოც ერთობა ბოლომდე უნდა ვატაროთ... 2012 წელი ყოველთვის მახსოვს, მაგრამ თქვენ მხოლოდ დღეს გაიხსენეთ, ალბათ, მომავალი პოლიტიკური გეგმებისთვის დაგჭირდათ. სწორედ "ქართული ოცნების" ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი, რომელ ერთობასაც პირველივე თანამდებობრივ გზაგასაყართან აუქციეთ გვერდი. იმის მაგივრად, რომ იმ გუნდთან ერთად, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა, ყოფილიყავით, თქვენ არჩიეთ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა,“- აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ჩამოყალიბდა, როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი.

„თუკი თქვენი 5-წლიანი პრეზიდენტობიდან ქართველი ხალხის მეხსიერებას, თუნდაც, ერთი მასშტაბური ეროვნული ინიციატივა დარჩება, მე ჩავთვლი, რომ ხელმოცარული არ მიდიხართ პოლიტიკიდან. მე დამამახსოვრდებით, როგორც არასამთავრობო სექტორის მუდმივი დამცველი, ოღონდ მხოლოდ არასამთვარობო სექტორის და ფრთის, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით არის დაკავებული,“- აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლის დასრულებისას პრეზიდენტს კითხვით მიმართა: „დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას?“

ამავე თემაზე
დღის ამბები