26 აპრილი 2024,   22:25
ვრცლად
თავი აარიდა საჯარო დებატებს - "ქართული ოცნება" პრეზიდენტს უპასუხისმგებლოს უწოდებს  

მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება და ბრალდებები გრძელდება. სატელევიზო დებატებზე პრეზიდენტის უარს „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს.

მმართველი პარტიის წევრები გიორგი მარგველაშვილის მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწუნებს.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადებას ინფორმაცია მიეღო მისი ანგარიშის შესახებ და იმ კითხვებზე პასუხი გაეცა, რაზეც გუშინ ფორმატის შეცვლას ითხოვდა. ეს არის ძალიან გაუგებარი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან დებატებზე უარის თქმა უპასუხისმგებლო საქციელია.

„გუშინ საქართველოს პრეზიდენტი გაიქცა პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, დღეს დებატებს გაექცა. როგორც ჩანს, მას არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხი მის მიმართ დაგროვებულ შეკითხვებზე, ამიტომ დღეს უარი თქვა დებატებზე. ეს მიანიშნებს, რომ 5 წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის, რომ საზოგადოებას თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და უკიდურეს უპასუხისმგებლობას იჩენს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები