03 მაისი 2024,   08:29
ვრცლად
რეგულარულად ვაწყდებით ასეთი ტიპის პროვოკაციებს - ქეთევან ციხელაშვილი ხნულების გავლებაზე

„ჩვენ, ფაქტობრივად, რეგულარულად ვაწყდებით ასეთი ტიპის პროვოკაციებს, როდესაც ხდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების აღმართვა,“ - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, გააკეთა.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ხნულების გავლების შეფასებისას ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები სხვადასხვა სახის პროვოკაციას აწყობენ.

„აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს მობილიზებული არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება და ეს რა თქმა უნდა, ხდება ყოველთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და თანმიმდევრულობით შევძლოთ მანკიერი პრაქტიკის შეჩერება და მეორე მხრივ, სიმბოლურია და კარგად აჩვენებს სახეს იმისა, თუ რა პოლიტიკა ხორციელდება, როგორ არის ყველაფერი ადამიანების წინააღმდეგ,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი და ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ამ შემთხვევაში და აუცილებლად ამ ინსტრუმენტს ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები