27 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ნარკოტიკების საქმის სკანდალური გაგრძელება - ნარკორეალიზატორების მფარველობაში პოლიციას ადანაშაულებენ

ნარკოტიკების საქმის სკანდალური გაგრძელება - ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დაკავებული ლევან დადიანი „კურიერთან“ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ახალი თაობის ნარკოტიკის - ბიოს რეალიზებას შავ ბაზარზე პოლიცია მფარველობს. მან მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უკვე გადასცა.

ახალგაზრდა მამაკაცი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ დააკავა, რომელ განყოფილებაშიც წამლის გასაღებაში ბრალდებულ გიორგი გოგებაშვილის ძმა, გამომძიებელი იაკობ გოგებაშვილი მუშაობდა.

დადიანის თქმით, პოლიციის მეოთხე განყოფილებაში ის მზად იყო, რეალიზატორი დაესახელებინა, თუმცა სამართალდამცველებმა ურჩიეს, რომ ამ თემაზე არ ელაპარაკა.

ლევან დადიანი დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ინტერნეტით ნაყიდი ნარკოტიკი ერთ-ერთ სადარბაზოში მოწყობილი სამალავიდან უნდა აეღო.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზებაში ბრალდებულის გიორგი გოგებაშვილი კი ბრალს არ აღიარებს და სრულად ეთანხმება იმ ქალის ჩვენებას, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა.

ნინო გეგელაშვილი, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს, ნარკოტიკის შეძენისა და გასაღების საქმეს სრულად საკუთარ თავზე იღებს. მათი ადვოკატი ამბობს, რომ ნინო გეგელაშვილი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს თვითონ შოულობდა, თვითონვე აფასოებდა, თბილისის სხვადასხვა უბანშიც თვითონ ტოვებდა და ამის შესახებ გიორგი გოგებაშვილმა არაფერი იცოდა.

განსხვავებულია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურორის შეფასებით, ის რომ გიორგი გოგებაშვილის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას წამალი არ ამოუღიათ, მის უდანაშაულობას არ ამტკიცებს.

სასამართლომ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები