05 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
"ჩვენ დღეს ერთიანობის ახალ სურათს ვაჩვენებთ საზოგადოებას" - "ქართული ოცნების" ყრილობა დახურულ ფორმატში ჩაივლის 

ერთ საათში „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობა დაიწყება. დღეს მართველი გუნდი პარტიის ახალ თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევს ბიძინა ივანიშვილს, ასევე აირჩევს განახლებულ პოლიტსაბჭოსაც.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ყრილობა ჟურნალისტების გარეშე ტარდება. ორგანიზატორები არასაკმარის სივრცეს ასახელებენ. 

მომზადებული სპეციალური სივრცე, სადაც მედია განთავსდება. "ქართული ოცნების" წევრები განცხადებებს ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

მედია გამოსვლებს თვალს გარეთ მოწყობილ ეკრანზე მიადევნებენ. 

მმართველი გუნდის წევრების თქმით, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და პარტიის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება, მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გუნდში არსებული პრობლემების გამო არ მომხდარა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარტიის განვითარებისთვის პოლიტსაბჭოს განახლება აუცილებელია.

„გარკვეული დაპირისპირებები, სხვადასხვა  საკითხებთან დაკავშირებით თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელიც ნამდვილად იყო და საზოგადოებამაც ნახა, დასრულდება დღეს საბოლოოდ, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ერთიანობის ახალ სურათს ვაჩვენებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე,  ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარის რანგში დაბრუნებით პარტია ახალ შესაძლებლობებს აჩვენებს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, ყრილობის დელეგატები პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ და ბიძინა ივანიშვილს პარტიის ხელმძღვანელად დაამტკიცებენ.

„თვისობრივად ხდება განახლება პარტიაში, რაც განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, პარტიის კიდევ უფრო განვითარებას ნიშნავს და შესაბამისად, ვფიქრობ, რო პარტიის განვითარება, გაძლიერება, ქვეყნის მომავალზეც, უდავოდ, პოზიტიურად აისახება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის ვანი-ხონის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გივი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარტიის ხელმძღვანელთან დაპირისპირება არასწორი ნაბიჯია. ჭიჭინაძის თქმით, თუ რევიზია კიდევ განმეორდება, კვლავ დააფიქსირებს თავის მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„თუ პარტიის წევრი ხარ და ითვალისწინებ პარტიის გეგმებს, მე ვფიქრობ, ღიად არ უნდა დაუპირისპირდე, შეიძლება იმსჯელო, იკამათო, შენი აზრი დაიცვა, მაგრამ როგორც ასეთი, რომ რევიზია მოახდინო, მე ვფიქრობ, სწორი არ არის,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ყრილობას დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“, იქ სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.

დღის ამბები