21 ივნისი 2018,   16:32
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ქუჩის აქციებს იწყებს

დავით სარალიძის მამა ქუჩის აქციებს იწყებს. ხორავას ქუჩაზე მოკლული მეთორმეტე კლასელის ოჯახი ფიქრობს, რომ მკვლელების დასასჯელად სხვა გზა აღარ დარჩა.

მეთორმეტე კლასელის მამა, ზაზა სარალიძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს, თუ როგორ მფარველობენ პროკურატურის მაღალჩინოსნები დავით სარალიძის რეალურ მკვლელებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სარალიძე სისტემის მსხვერპლია და შვილმკვდარ მამას ახლა მთელი სახელწიფო მანქანა ებრძვის.

ოჯახი ამტკიცებს, რომ პროკურორი მირზა სუბელიანი სისხლიანი გარჩევის საქმით დაინტერესებულია. „კურიერის“ მიერ მოპოვებული ფარული კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ პროკურორი, მირზა სუბელიანი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ჩხუბის მონაწილეებთან სახლში მივიდა, მივიდა სტუმრობის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვნები მიიმალნენ. მტკიცებულებები კი საკანალიზაციო ჭაში ჩაყარეს.

ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით დაგეგმილ აქციებს სავარაუდოდ ოპოზიციაც შეუერთდება.

პოლიტიკური პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთადერთი ბერკეტი ქუჩის პროტესტი და საზოგადოების აქტიურობაა.

ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა შინაგან საქმეთა მინისტრთან უშედეგოდ ითხოვს შეხვედრას. 51-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეების მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანია დაკავებული, თუმცა მოკლული მოზარდების მშობლებიც და ბრალდებულთა ადვოკატებიც ფიქრობენ, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ თუმცა პროკურატურა მათ ხელს აფარებს.

დღის ამბები