27 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
16 წლის გიორგი სვანიძის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ოჯახი უშედეგოდ ითხოვს - მოზარდს დანა 7-ჯერ დაარტყეს და ყელი გამოჭრეს

15 თვეა, რაც სვანიძეები პროკურატურისგან სიმართლის დადგენასა და მათი ერთადერთი შვილის -16 წლის გიორგი სვანიძის, მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას უშედეგოდ ითხოვენ.

მოზარდი 2017 წლის 13 თებერვალს მოკლეს. მას დანა 7-ჯერ დაარტყეს და ბოლოს ყელი გამოჭრეს. მკვლელობა 17 წლის გიორგი ქაშიაშვილმა აღიარა.

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათი შვილი ერთი ადამიანის მსხვერპლი არ არის და ამაზე მათ ექპერტიზის დასკვნაც მიუთითებს, სადაც წერია, რომ ცხედარზე აღმოჩენილი ჭრილობები სხვადასხვა ზომისაა. შვილმკვდარ დედას ეჭვი აქვს, რომ პროკურატურამ რეალურ დამნაშავეებს ხელი დააფარა და საქმე სრულყოფილად არ გამოიძია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სასამართლოში კი საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა. საბოლოოდ დადგინდა, რომ დამნაშავე თავად მოკლული აღმოჩნდა. მოსამართლის ვერსიით, გიორგი სვანიძე ბრალდებულს თავად დაესხა თავს.

შემთხვევის ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ამის მიუხედავად, მტკიცებულებებს შორის არ არის ვიდეოჩანაწერები. საქმეში არ დევს დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, არგუმენტით, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ის ვერ აღმოაჩინეს.

გიორგი ქაშიაშვილი ჩვენებაში ადასტურებდა, რომ დანა იქვე მოისროლა. ბრალდებულს არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა მის ხელში შემთხვევის დროს ცივი იარაღი, თუმცა, დეტალურად ყვება საქმის სხვა გარემოებებს, მათ შორის, დანაშაულის დასაფარად როგორ დაწვა წილკანში საკუთარი შარვალი, რომელზეც გიორგი სვანიძის სისხლი იყო.

გიორგი ქაშიაშვილი დანაშაულის მოტივსაც იხსენებს და ყვება, რომ გარდაცვლილს თანამზრახველებთან ერთად, მისთვის ტელეფონის გამოძალვა სურდა და თავს ამ მოტივით დაესხნენ.

გიორგი სვანიძის მამა უარყოფს, რომ მის შვილს ქაშიაშვილის დაყაჩაღება სურდა და ამტკიცებს, რომ გამოძიების ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. იხსენებს, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე სვანიძეს გიორგი ქაშიაშვილის ძმასთან შელაპარაკება მოუვიდა და ბავშვზე ყელის გამოჭრით რამდენიმე დღეში ძმებმა შური იძიეს. დანაშაული კი არასრულწლოვანს აღიარებინეს.

საქმეს მოსამართლე ეკა გაბრიჩიძე განიხილავდა, რომელმაც გიორგი სვანიძის მკვლელობაში ბრალდებულ ქაშიაშვილს მხოლოდ ერთწლიანი შინა პატიმრობა მიუსაჯა და ღამის 10 საათიდან სახლში ყოფნა დაავალდებულა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შეცვლას 16 წლის გიორგი სვანიძის მშობლები სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში შეეცადნენ, მაგრამ ყველა ინსტანციამ განაჩენი ძალაში დატოვა.

გასულ წელს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელი მოიხადა და ახლა თავისუფალია.

 

დღის ამბები