18 ივლისი 2019,   03:27
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საბჭოში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებით, საბჭოში კრიზისული ვითარებაა. არამოსამართლე წევრების თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველდღე შორდება მის ფუნქციას და დანიშნულებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საკითხების უმრავლესობა ხმაურის და ხმამაღალი პოლემიკის ფონზე განიხილეს. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომ საბჭოში კრიზისია, მოსამართლე წევრები არ იზიარებენ.

„იუსტიციის საბჭო ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციას, საბჭოს წევრები იკრიბებიან და საათობით არჩევენ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის საჯარო განცხადებებს, ეს სცილდება მათ დანიშნულებას, საბჭოს წევრობის არსს, რისთვის არსებობენ ისინი და რისთვის იღებენ საბჭოს წევრობის ხელფასს თუ დანამატს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე წევრების ინტერესშია, რომ თავისი ძალაუფლება მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ წევრებს აჩვენონ. ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოში არსებულ კრიზისზე საბჭოს თავმჯდომარეს და მოსამართლე წევრებს შორის არსებული დამოკიდებულებითაც მეტყველებს.

იუსტიციის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ კრიზისული მდგომარეობა საბჭოში არ არის, თუმცა, არ უარყოფს, რომ რიგ შემთხვევებში, საბჭოს სხდომებზე არის არაკონსტრუქციული და არაჯანსაღი ვითარება, რასაც გიორგი მიქაუტაძე იმით ხსნის, რომ მისი კოლეგების ნაწილი ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის ესკალაციას.

„ინტერესი არის ზუსტად ეს, რომ ხელი შეეშალოს სასამართლო სისტემას და საბჭოს საქმიანობაში და შემდგომ ეს ხელშეშლა მათ გამოიყენონ ისე, რომ საბჭო ვერ ართმევს თავს მოვალეობას,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი, რასაც დაპირისპირება და სიტუაციის გამწვავება მოჰყვა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თემა იყო. დღეს ასევე, ხმაური გამოიწვია საბჭოს ღია გასვლითი სხდომის ჩატარების საკითხმა, რადგან კოლეგები სხდომის ჩატარების ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ. 

დღის ამბები