27 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე, მიხეილ კალანდიას ახლობელია

ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი, მერაბ მორჩაძე დააკავეს. ის სასამართლოს განჩინებით დღეს საღამოს აიყვანეს.

გამოძიება მას მოწმეზე ზეწოლას ედავება. მერაბ მორჩაძემ შსს-ში შეყვანისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და მისი დაკავება აბსურდია.

„სიმართლეც გაცხადდება და ტყუილიც, ყველაფერი,“ - განაცხადა მერაბ მორჩაძემ.

ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულის მეუღლე "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს.

იგი „კურიერთან“ მერაბ მორჩაძის მიმართ წაყენებულ ბრალს "აბსურდულს" უწოდებს. მეუღლის თქმით, ხორავას ქუჩის საქმესთან მერაბ მორჩაძეს კავშირი არ აქვს.

დაკავებული მორჩაძის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მორჩაძე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას ახლო ნათესავია. კალანდია ყოფილი პროკურორის მირზა სუბელიანის ოჯახის წევრია.

დაკავებულის ცოლისძმა დარწმუნებულია, რომ მერაბ მორჩაძეს მალე გამოუშვებენ. ოჯახის წევრებისთვის გაურკვეველია, ვისზე ან რატომ უნდა მოეხდინა მერაბ მორჩაძეს ზეწოლა.

შსს-ს ინფორმაციით, მორჩაძის დაკავება მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

შსს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვისზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ბრალდებით დააკავეს მერაბ მორჩაძე.

შსს-მ მერაბ მორჩაძეს კითხვები შესაძლოა, მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებითაც დაუსვან. მიხეილ კალანდია სასამართლოში სამი დღის განმავლობაში იკითხებოდა და დაკავებულების ადვოკატების თქმით, სამივე დღეს მან სხვადასხვა ჩვენება მისცა სასამართლოს. 

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, თამარ შოშიტაიშვილი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება. მოზარდების მკვლელობის კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაზე მისი ხელმოწერაა.  

კრიმინალისტები დღეს მკვლელობის ადგილზე, ხორავას ქუჩაზეც მუშაობდნენ.

დღის ამბები