27 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ საქართველოს საბაჟოზე ფულს სძალავენ

აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომელიც თურქეთიდან ტანსაცმლისა და ტექსტილის ექსპორტს ახდენს, ამბობს, რომ საბაჟოზე მას ფულს სძალავენ.

ელჩინ ჯარჩიევი კურიერს თავად დაუკავშირდა და საქართველოს საბაჟოზე არსებული კორუფციული სქემის შესახებ უსაუბრა.

მისი მტკიცებით, ბოლო სამი წელია, ქართველი მებაჟეები ქრთამს სთხოვენ. ელჩინ ჯარჩიევის თქმით, იმისთვის, რომ ტვირთები უპრობლემოდ გაატარონ, შუამავლის საშუალებით, ის ერთ მანქანაზე 800 ამერიკულ დოლარს იხდის.

თუ მეპატრონემ თანხის გადახდაზე უარი თქვა, მანქანას ტერმინალში აბრუნებენ. დალუქულ ტვირთს ხსნიან და პროდუქციას საწყობში ყრიან. ამ შემთხვევაში ტვირთი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას აგვიანებს და ბიზნესმენი ზარალდება, ამიტომ ურჩევნია, ქრთამი გადაიხადოს.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ ქრთამი მებაჟეებთან მიდის, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც ექსპერიმენტი ჩაატარა, ქრთამი შუამავალს არ მისცა და შესაბამისად, მისი ტვირთი ტერმინალში გააჩერეს და პრობლემები შეუქმნეს. მას შემდეგ კი, რაც თანხის გადახდა განაახლა, დატვირთული მანქანები საზღვარზე უპრობლემოდ გადავიდნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, მის უწყებაში არსებულ შესძლო კორუფციასა და ქრთამის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ მოინდომა.

ბრალდებებს უარყოფს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი.

გიორგი თაბუაშვილი ადასტურებს, რომ სატვირთო მანქანებს ხშირად ამოწმებენ, მათ შორის ტრანზიტულისაც, თუმცა ამბობს, რომ ეს მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებული ზომებია.

შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი ვატო გელაშვილი კი დარწმუნებულია, რომ არსებული კორუფციის შესახებ უწყების მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულები არიან.

საბაჟოებზე კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია აქვს ოპოზიციასაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კორუფციის დაბრუნება საბაჟოებზე პრობლემას, ქვეყნის იმიჯის გარდა, ეკონომიკასაც შეუქმნის.

 

დღის ამბები