27 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ის კარვები რომ წაიღეს არაფერში გვჭირდება, აქ ვიდგებით, მიწას ხომ ვერ გამოგვაცლიან - მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა, აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, ნათელია, რომ ხელისუფლება საქმის ჩაფარცხვას ცდილობს და აქციების დაშლა სურს. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის იქამდე იდგება რუსთაველზე, ვიდრე ყველა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

„მე და ჩემი მეუღლე გუშინდლიდან აქ ვართ. რაც შეეხება აქ მიმდინარე მოვლენებს ეს არის იმის მცდელობა, რომ ეს უსასტიკესი დანაშაული ჩაფარცხონ იყენებენ ყველა რესურსს.

აქციები გაგრძელდება სანამ ჩემი და სარალიძის მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი.

ეს კარვები რომ წაიღეს არაფერია, ჩვენ არ გვჭირდება კარვები. აქ ვიდგებით, ფეხების ქვეშიდან მიწას არ წაიღებენ, თუ იმასაც წაიღებენ მიწის ქვეშიდანაც დავიწყებთ ყვირილს. ჩვენ აქ ვიქნებით სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,"-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები უცვლელია, ის ითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მონაწილე ყველა პირის დასჯას.

გარდა ამისა, მაჩალიკაშვილის განცხადებით, ძალაშია მის მიერ დაანონსებული აქციები, რომელიც რამადანის დასრულებისთანავე პანკისსა და თბილისში დაიწყება.

დღის ამბები