27 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
"კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური გამოცდილება," - მმართველი გუნდი პრემიერის კანდიდატურას დღის მეორე ნახევარში დაასახელებს

„ქართული ოცნება“ გაფართოებული შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. სწორედ ამ შეხვედრაზე დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას კანდიდატურები განიხილებიან.

„ბატონი მამუკას კანდიდატურა სერიოზულად მოიაზრება ამ პოსტზე, თუმცა  მე მაინც კიდევ მოვუსმენდი იმ ხედვას, რომელიც ბატონ მამუკას  აქვს უკვე სხვა პრობლემების  მოსაგვარებლად და ეკონომიკური ზრდის ტემპის დასაჩქარებლად, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,“-განაცადა მმართველი გუნდის წევრმა მამუკა ზოიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება  კანდიდატთან დაკავშირებით მაშინ იქნება მიღებული, რაც გუნდი კონსულტაციებს დაასრულებს. კონკრეტული პირის დასახელებისგან თავს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარეც. ის ამბობს მხოლოდ იმას, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური მიმართულებით გამოცდილება.

„ჯერჯერობით არასწორი  იქნება განცხადებების გაკეთება. 5 საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე. კრიტერიუმებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. ესეც იქნება კრიტერიუმი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები