19 სექტემბერი 2019,   21:52
ვრცლად
მთავრობაში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხება - სახელდებიან მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს შეეხება. პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

ქუმსიშვილის შემცვლელად, „კურიერის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი ან თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი სახელდებიან.

თუ მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურიდან ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს მას მისი მოქმედი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. ქარსელაძე ამ თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის მინისტრობის პერიოდში დაინიშნა.

საპარლამეტო უმრავლესობას დღეს არ დაუმალავს, რომ კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ გიორგაძის მიმართ გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება არსებობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მიხეილ ჯანელიძეს კი სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე შეცვლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის თანამდებობას იკავებს.

უმრავლესობას ზუსტი პასუხები საკადრო გადაადგილებებზე არ აქვს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ძალოვანი უწყების პირველი პირების შეცვლის გადაწყვეტილებას არც ბიძინა ივანიშვილი და არც მამუკა ბახტაძე არ მიიღებენ.

პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრის კანდიდატურის წამოყენების შესახებ უკვე გამოსცა. ეს კი ნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძეს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის უფლება უკვე აქვს.

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. ოპოზიცია გამოსავალს არჩვენებში ხედავს.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე წარედგინება. ასევე, მომავალ კვირას ბახტაძის სამოქმედო გეგმასა და მთავრობის ახალ წევრებს კომიტეტის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

დღის ამბები