27 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
საქართველოში არარეზიდენტ პირებს უნდა მივცეთ კომპანიების და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება ონლაინ რეჟიმში - მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, კიდევ ერთი ინიციატივა არარეზიდენტ პირებს შეეხება.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოში არარეზიდენტ პირებს მიეცემათ თავიანთი კომპანიების და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება ონლაინ რეჟიმში, ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ.

ბახტაძის თქმით, ეს ინიციატივა სურს, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდეს.

„ჩვენი შემდეგი ინიციატივა შეეხება იმას, რომ საქართველოში არარეზიდენტ პირებს მივცეთ თავიანთი კომპანიების და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლება ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწიოთ, ონლაინ რეჟიმში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გულისხმობს ბევრი უწყების კოორდინაციას და ჩემი ამოცანაა, რომ აღნიშნული რეფორმა ძალაში შევიყვანოთ მომავალი წლის პირველი იანვრიდან,“ - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ რეგიონის ფინანსურ ცენტრად გადაიქცეს.

მისი თქმით, საქართველოში მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

„ინიციატივა ითვალისწინებს მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლობისთვის თუ ისინი ამას საქართველოში დაარსებენ და სერვისებს გაყიდიან საზღვარგარეთ, რომ მათ ჩვენ ყველა ტიპის გადასახადი ფიზიკურ დონეზე გავუინულოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ ასეთი ორგანიზაციები საქართველოთი," - განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები