19 იანვარი 2020,   13:41
ვრცლად
8 შეკითხვა საქართველოს - ევროსასამართლომ აფგან მუხთარლის საქმის შესწავლა დაიწყო

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის შესწავლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო. ინსტანციამ ოფიციალური შეკითხვებით უკვე მიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას და გარემოებების დაზუსტება მოითხოვა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს რვა შეკითხვა გამოუგზავნა. ევროსასამართლოს აინტერესებს, თბილისის ცენტრიდან გატაცების დროს შეურაცხყვეს თუ არა მუხთარლის ღირსება, ხომ არ დაირღვა ჟურნალისტის გამოხატვის უფლება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ხომ არ მოხდა. სტრასბურგის სასამართლოს ასევე აინტერესებს, ჩატარდა თუ არა აფგან მუხთარლის საქმეზე სათანადო გამოძიება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხები სტრასბურგში ივლისის ბოლომდე უნდა გაიგზავნოს.

„ევროსასამართლო როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს სახელმწიფოს ეკითხება, ჰქონდა თუ არა დარღვევებს ფაქტი და სახელმწიფოებმა ჩაატარეს თუ არა ეფექტური გამოძიება იმ დანაშაულების მიმართ, რაც გულისხმობს აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრის გატაცებას, რომელიც აზერბაიჯანში აღმოჩნდა. საქართველოში უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ევროსასამართლოსთან ურთიერთობაზე, არის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები