16 ივნისი 2019,   21:56
ვრცლად
თურქი ბიზნესმენი "ქართული ოცნების" დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს, კორუფციული სქემის მფარველობაში ადანაშაულებს

თურქი ბიზნესმენი ქართველ კოლეგას თაღლითობაში ადანაშაულებს. ქემალ გაზიოღლუმ თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი წლების წინ მრავალფუნქციური დაწესებულების ასაშენებლად იყიდა და საძირკვლის გათხრა დაიწყო.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, აქედან იწყება მისი პრობლემებიც მეზობელი შენობის - სასტუმრო ლონდონ პალასის მეპატრონესთან, კახაბერ ჟორჟოლიანთან, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის, გია ჟორჟოლიანის, ნათესავია.

თურქმა ბიზნესმენმა ქართული ოცნების დეპუტატი კორუფციული სქემის მფარველობაში ღიად დაადანაშაულა.

ქემალ გაზიოღლუ დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი კახაბერ ჟორჟოლიანი, რომელიც გია ჟორჟოლიანის ნათესავია, მას ექსპერტიზის გაყალბებული დასკვნებითა და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსების გავლენით ებრძვის.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნალექის დროს გათხრილი საძირკველი იტბორება და მეზობელ შენობას საფრთხეს უქმნის.

სასტუმრო ლონდონ პალასში ირწმუნებიან, რომ შენობას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მეზობლად საძირკველი გათხარეს. 

სასტუმრო ლონდონ პალასის მფლობელი ადასტურებს, რომ გია ჟორჟოლიანი მისი ბიძაა, თუმცა, ბრალდებას უარყოფს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის გეგმავს, თურქ ბიზნესმენს სასამართლოში უჩივლოს.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ოცნების დეპუტატი, გია ჟორჟოლიანიც, რომელიც კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ირწმუნება, რომ მისი ნათესავის სასამართლო დავაზე დღემდე ინფორმაციაც არ ჰქონდა.

დღის ამბები