27 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გაწერეს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გაწერეს. საავადმყოფოდან გაწერამდე ჯგუფის ქუჩის ბიჭების ერთ-ერთი სოლისტი გამომძიებლებმა გამოკითხეს.

ირაკლი ნოზაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

ადვოკატი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნოზაძის დაჭრის საქმეში ნარკოტიკების თემა ფიგურირებს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება და კონფლიქტი არა ნარკოტიკების, არამედ ვალის გამო მოხდა.

„ირაკლი ნოზაძემ, როგორც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა, როგორ, რა ვითარებაში და ვისი მხრიდან მიიღო დაზიანებები. საქმეში ნარკოტიკების თემა არაფერ შუაში არ არის და ამის გამო კონფლიქტი არ მომხდარა. კონფლიქტი მოხდა ვალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, აქედან წარმოიშვა შელაპარაკება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ.

ირაკლი ნოზაძე  25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მისი დაჭრის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. თამთა ჯანჯღავას გამოძიება ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, ხოლო ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე დაკავებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში რჩება.

დღის ამბები