26 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებული მირიან დოღონაძე ​ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს 5 დაშავებულიდან ერთ-ერთი, ღუდუშაურის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

45 წლის მირიან დოღონაძე, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა აქვს, თბილისში მისივე მოთხოვნით გადაიყვანეს.

დოღონაძემ  მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ყოველთვის, ფრენის განხორციელების წინ მოწმდება. დაშავებული ამბობს, რომ ავარიული დაშვების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს და ვერ ისაუბრებს.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, თელავის საავადმყოფოში დარჩენილთა მდგომარეობას სტაბილურად აფასებს მკურნალი ექიმი.

„ორი პაციენტი რჩება ჩვენს კლინიკაში სტაბილურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს მათი მკურნალობა.

მესამე პაციენტი ლავიწის ძვლის მოტეხილობით გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში თვით პაციენტის სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას აქვს სრული რესურსი აღნიშნული ოპერაციის ჩატარების პაციენტის მოთხოვნით, ოჯახური პირობების გამო, იმიტომ რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მეუღლეს ვერ ექნება კონტაქტი, ამის გამო პაციენტი თავისი სურვილით სტაბილურ მდგომაროებაში, სრულიად ტრანსპორტაბელური გადავიდა ღუდუშაურის კლინიკაში “-ამბობს თელავის კლინიკის კლინიკური მენეჯერი ეკატერინე ონიკაძე.

დაშავებულების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ინციდენტის შესახებ, მათთვის ოფიციალურ უწყებებს არ უცნობებიათ და მომხდარის შესახებ მათივე ოჯახის წევრებისგან შეიტყვეს.

"ჩვენ გვიან გავიგეთ, მაგას როგორ მოვიფიქრებდი რომ ეგ ჩამოვარდა. ნეკნები ჰქონია გატეხილი და მხარი, პალატაში არ გადაუყვანიათ ჯერ" - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის დედა მედიკო მარგალიტაშვილი.

რა გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა დღეს დილით, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან მოხდა. ვერტმფრენი სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან” ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო ქვედანაყოფში, გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები