26 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - მეშახტეები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

ტრაგედიის ადგილზე, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები შეიკრიბნენ. ისინი მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად გაუფრთხილებლობას ასახელებენ.

არსებობს ვერსია, რომ ქვანახშირის მოპოვების მიზნით გეგმიური აფეთქება მოხდა, თუმცა მიწის ქვეშ მყოფი მუშები არ გააფრთხილეს. მეორე ვერსიით კი ტრაგედია, გვირაბში მეთანის აირის დაგროვებამ გამოიწვია.

მეშახტეები ამბობენ, რომ მინდელის შახტში უბანზე, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, წინა ცვლამ საშიშროების არსებობის გამო არ იმუშავა.

„არ ააფეთქა წინა სმენამ გაზი იყო შიგნით. არ ააფეთქა, რაც იყო მოგროვებული ნახშირი მოხვეტა ის და გამოტანა,“-ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

შახტის თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილზე განთავსებული აპარატურა არა გაზის რაოდენობას, არამედ თანამშრომლების გასაკონტროლებლად დგას.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ტყიბულში არსებული ყველა შახტი დალუქულია.

შახტების დალუქვას აპროტესტებს ტყიბულის მოსახლეობა, რომელის ერთადერთი დასაქმების საშუალება "საქნახშირია."

მათი განცხადებით, აუცილებელია შახტებმა მუშაობა გააგრძელონ.

„თუკი ესეც დახურეს და არაფერი შემოგვთავაზეს გაქრება ქალაქი. ამას არ დაუშვებს არცერთი მეშახტე და ტყიბულელი“-ამბობს ტყიბულის პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე.

მეშახტეები ამბობენ, რომ პრობლემა მარტივად მოგვარდება თუ სავენტილაციო სისტემა გამართულად იმუშავებს. 

დღეს შახტში, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, ექსპერტები სამუშაოდ ჩავლენ. მათ უნდა დაადგინონ, რა გახდა ტრაგედიის რეალური მიზეზი.

 

დღის ამბები