27 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
მესამე სექტორი, "ღია მმართველობის პარტნიორობის" მაკოორდინებელი ორგანოს შეცვლას მოითხოვს

"ღია მმართველობის პარტნიორობის" მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. შეხვედრები სამიტის ფარგლებში კი უკვე დაიწყო.  

ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ ბახტაძეს მიმართავენ. მესამე სექტორი, ღია მმართველობის პარტნიორობის მაკოორდინებელი ორგანოს შეცვლას მოითხოვს და სთავაზობს პრემიერს, იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, ეს უფლება თავად გადაიბაროს. არასამთავრობოების შეფასებით, თეა წულუკიანის უწყება, ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც აღებული იყო ღია მმართველობის პარტნიორობით, არ შესრულდა. 

„სასურველია, რომ პრემიერ-მინისტრმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და მომავალ ვალდებულებებზე სერიოზულად იმუშაოს. იუსტიციის სამინისტრო, გარკვეულად, ყოველ ეტაპზე ანელებდა პროცესს და გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა,“ - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ რეკომენდაციები, რომელიც მათ იუსტიციის სამინისტროს შესთავაზეს, არ იქნა გათვალისწინებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე და უკვე პრემიერი დაინტერესდეს იმ ვალდებულებებით, რომელიც საქართველომ შეიძლება აიღოს ამ საერთაშორისო ფორუმზე, იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც წამყვანი ქვეყნის,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ამ წელს ეჩვენებინა მზაობა, რომ ყველაზე ამბიციური და კრიტიკული თემები და ვალდებულებები აეღო საკუთარ თავზე სამოქმედო გეგმით. რამდენიმე საკითხი, რომელიც ერთობლივად იყო დასახელებული არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი, არ იქნა გაზიარებული,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ პროცესში იუსტიციის მინისტრის უფრო მეტი ჩართულობა მისასალმებელი ფაქტი იქნებოდა.

დღის ამბები