27 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
10 მილიონი ლარით გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, რომლის დიდი ნაწილიც PR-ს მოხმარდება - ოპოზიცია საკრებულოს ხმაურიან სხდომას აანონსებს 

თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ დედაქალაქს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო, თუმცა მერიამ ფული სხვა პრიორიტეტებში გადაანაწილა.  

ათი მილიონი ლარიდან 1 მილიონი მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდება, ნახევარი მილიონს დახარჯავს კახი კალაძე სატელევიზიო კლიპებსა და PR კამპანიაში, კიდევ ნახევარი მილიონი ლარი კი სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდება.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ფულს, რომელიც მერიამ PR კამპანიისათვის და კულტურის ღონისძიებებისთვის გამოყო, საპრეზიდენტო არჩევნების წინ აგიტაციაზე დახარჯავენ.

მილიონი ლარით იზრდება მერიის ადმინისტრაციის დაფინანსება, თუმცა მცირდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ბიუჯეტი. კორპუსების სადარბაზოების რემონტზე ლიფტების და სახურავების შეკეთებასა და ეზოების მოწყობაზე წელს დაგეგმილზე 6 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება, მცირდება ინკლუზიური განათლების დაფინანსებაც.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისათვის დამატებითი 10 მილიონის გამოყოფას კახა კალაძეს ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს მამუკა ბახტაძე დაჰპირდა.

ფინანსთა ახალი მინისტრი, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ფული მერიამ ისე გაანაწილა, როგორც თავად ჩათვალა საჭიროდ.

თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ ხვალ უნდა განიხილოს. ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. წინასწარ ცნობილია, რომ ისინი თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

დღის ამბები