26 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა გადავდოთ - ენმ ცესკოს მიმართავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით კირთაძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტება გადაავადონ.

კირთაძე ამბობს, რომ ცესკო საოლქო კომისიის წევრების დაკომპლექტებას ჩქარობს. კომისიის წევრი თვლის, რომ ყველა კანდიდატთან გასაუბრება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაკომპლექტდეს საოლქო საარჩევნო კომისია.

„როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 5-ის ნახევარზე, დანიშნა სხდომა. ცესკო ჩქარობს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრი შეირჩეს ასე, სასწრაფო წესით. გუშინ, 6 საათზე, დასრულდა კონკურსანტთა საბუთების მიღება და სულ არის 174 კონკურსანტი. ჩვენს მიერ ინიცირებულ საკითხში, რომ ყველა კონკურსანტთან ყოფილიყო გასაუბრება, რათა არჩეული ყოფილიყო მიუკერძოებელი კანდიდატი, დღეს არასამთავრობოებიც შეუერთდნენ და მაქსიმალურად ჩაერთვნენ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ყველა კანდიდატთან გასაუბრება. 174 კაცთან ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ კომისიის წევრებს ჰქონოდათ იმის საშუალება,  თითოეული ადამიანის CV შეესწავლათ, მოვუწოდებთ ცესკოს, ეს საკითხი, რომელიც დაკავშირებულია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან, გადავდოთ, რათა უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს, რადგან არ გვინდა, ეს არჩევნები ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს დაემსგავსოს,“ - აცხადებს დავით კირთაძე.

დღის ამბები