27 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
„ჯაველინი“ და „აპაჩები“ ვაზიანის პოლიგონზე - მრავალეროვნული სამხედრო საჩვენებელი წვრთნები დასრულდა

მრავალეროვნული სამხედრო საჩვენებელი წვრთნები დასრულდა. ვაზიანის პოლიგონზე ორკვირიანი სწავლების „ღირსეულია პარტნიორი 2018-ის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

კომპლექსი „ჯაველინი“ ქართველმა სამხედროებმა საჩვენებლ სწავლებაში პირველად გამოიყენეს. ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსის გარდა, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასკვნით დღეს ვაზიანის თავზე ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩებიც“ გამოჩნდნენ.

სწავლების სცენარით, მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად რაიონული თავდაცვა განახორციელა და დივიზიას კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცა.

სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერას გერმანული საბრძოლო მანქანები „მარდერი“, ამერიკული ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ასევე ქართულ შეიარაღებაში არსებული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები უწევდნენ. სწავლებაში მონაწილეობა საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებმაც მიიღეს.

სწავლების მონაწილეებს მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღით საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა, სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედროებს კი უწყებრივი მედლები გადაეცათ.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველომ წელს მეოთხედ უმასპინძლა.

დღის ამბები