05 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადება - გაერთიანებული ოპოზიცია სამოქალაქო სექტორს გამოვლენილ დარღვევებს აცნობს

გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს სამოქალაქო სექტორს აცნობს. შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები და საოლქო კომისიების დაკომლექტებაა.

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზრუნველყოფს არჩევნების გაყალბებას.

„მე მოვუწოდებ მას, რომ ხელი აიღოს ამ პირდაპირი გაყალბების მცდელობისგან, რომელიც მას აქვს, უპრეცენდენტოა ის, რაც უკვე ხდება. ამდენი ცოლის დანიშვნა ჯერ არ გვქონია პრეცენდენტი, მარაზმში გადავდივართ უბრალოდ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებად საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირების ოჯახის წევრები ინიშნებიან.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური კავშირების შესახებ, რამდენიმე ფაქტი დადასტურდა ასეთი, დაახლოებით 4 შემთხვევა მახსენდება და დაახლოებით, 5 შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ ანუ მმართველ პარტიასთან აქტივისტობა ან მხარდაჭერა, ჩვენი ინფორმაციით დასტურდება, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ცალსახად, რომ ეს კანონის დონეზე დარღვევა არ არის, ერთადერთი თუ ეს სამომავლოდ გამოიკვეთება, რომ ესენი მოქმედებენ რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ეს უკვე იქნება პრობლემა,“ - განაცხადა ლელა ტალიურმა.

საარჩევნო კომისიების დაკოპლექტების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი.

„ინიშნებიან ადმიანები არა დამსახურების და ღირსების მიხედვით, არამედ პოლიტიკური აფილაციის მიხედვით, აქ საუბარი იმაზე არის, რომ რამდენად შეიძლება ამის თავიდან აცილება და გარკვეული პრევენციული მექანიზმების შემოღება როგორც საკანონმდებლო დონეზე ისე პრაქტიკაში,“ - განაცხადა ნატროშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე დიპლომატებს მიაწოდეს.

დღის ამბები