28 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტური ადგილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება. შერჩევის პროცესში ეროვნული პლატფორმაც ჩაერთო. უკვე ერთი საათია პლატფორმის წევრებს პრეზიდენტის მრჩევლები ხვდებიან. მთავარი თემა, დღესაც კრიტერიუმებია.

დღეს შეხვედრაზე არ იქნება საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე. შეხვედრაზე მყოფი ადამიანები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ  იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობის წარმომადგენლები კონსულტაციებში მონაწილეობას არ იღებენ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სურვილი იყო, რომ მმართველი გუნდი ჩართულიყო კონსულტაციებში და იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ მომდევნო ეტაპებზე მაინც შეცვლის გადაწყვეტილებას.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზევე ჩართულიყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც უკვე კანდიდატურა იქნება შერჩეული, იმედი გვაქვს რომ ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან, იმიტომ რომ მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა, შერჩევა გამჭვირვალე პროცესით, შერჩევა ობიექტური და მართლაც იმ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი კანდიდატურისა, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს სასამართლოს სისტემას,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს შორის, ფაქტობრივად არის დაპირისპირება კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც ჩრდილს აყენებს ამ პროცესს. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში რომ იყოს. ამაზეც გვექნება დღეს საუბარი,“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

დღის ამბები