17 ივნისი 2019,   13:48
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ი დატოვა - უწყებაში შვილმოკლული მამა 21 აგვისტოსაც დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ში 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

ჟურნალისტებს ადვოკატებმა განუცხადეს, რომ მაჩალიკაშვილი სუს-ში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზე იყო დაბარებული.

დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.

მათივე თქმით, გამოძიების კითხვები კონკრეტულ პირებთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კომუნიკაციასა და ურთიერთობებს ეხებოდა.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარებები არასერიოზულ ხასიათს იღებს. მისი თქმით, სუს-ი ცდილობს, რომ მაჩალიკაშვილი დააშინონ და ასევე მან საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთოს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილიც მივიდა, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„აგერ ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურში დღეს მიდის მაჩალიკაშვილის დაკითხვა, რომელსაც მძინარე, უდანაშაულო შვილი ტერორისტულად მოუკლეს. ამ კაცს აქეთ ედავებიან ტერორიზმს. მე ვაფრთხილებ ივანიშვილის სპეცსამსახურს, ამ კაცს ერთი თმა რომ ჩამოუვარდეს და ვინმემ სველი თითი დაადოს, ქართველი ხალხის რისხვას ვერცერთი ვერ გაასწრებს ივანიშვილის თამადობით,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები