06 მაისი 2024,   22:29
ვრცლად
რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ფაქტებით საუბარს ვურჩევდი - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპის სახალხო პარტიის მიერ, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი, იგი ასევე კარგად აჩვენებს, რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი კონტექსტის, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში.

შალვა პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩაწერა ისეთივე მცდარია, როგორც - გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის "რუსული კანონის" დარქმევა, ან თითქოს იგი "ღალატობს" დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. იგი უსაფუძვლოდ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ.

"რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დარწმუნებაში", - ვკითხულობთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ პოსტში.

დღის ამბები