20 იანვარი 2020,   18:29
ვრცლად
კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია პარლამენტში

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, მთავრობის წევრები და კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდნენ.

მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ილია II-მ, მამუკა ბახტაძემ, ირაკლი კობახიძემ. 

„ჩვენი ვალი იყო, შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ ჩვენს ქეყანაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, კონსტიტუცია სტაბილურობას უზრუნველყოფს და ამავე დროს გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას.

„მისასალმებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამოინახა კომპრომისის გზები და მივაღწიეთ მთავარ პრინციპებზე შეთანხმებას, რადგან ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ილია მეორის აზრით, ქვეყნის მთავარი კანონი ხალხს უნდა ემსახურებოდეს.

„კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია,“- განაცხადა პატრიარქმა.

დოკუმენტის პრეზენტაციას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძეც ესწრებოდა.

„ჩვენ ამ დოკუმენტს პატივს ვცემთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციის  თვითონ შინაარსს არ ვეთანხმებით და ამ კონსტიტუციის მიღების აქტიური მოწინააღმდეგეები ვიყავით,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.პრეზენტაციაზე სახალხო დამცველიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, ახალი კონსტიტუციის მიღებამ მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ნინო ლომჯარიას განცხადებით,  დოკუმენტთან დაკავშირებით არსებობს პრეტენზიები და შენიშვნები.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები