27 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
მედიკამენტი, რომლის ფასიც ერთ კოლოფზე 25 ათასი დოლარიდან იწყება, საწყობებში გაფუჭდა - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას სუს-ი სწავლობს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკოს უწყებამ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის დიდი რაოდენობა ჩამოწერა.

ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, მოხმარებიდან ჯანდაცვის უწყებამ 6 ათასი კოლოფი ჰარვონი ამოიღო.

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გამოუსადეგარი პაციენტების სიმცირის გამო გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებში პაციენტების მხრიდან მიმართვიანობა ბოლო პერიოდში მუდმივად იკლებს, აქამდე ჭარბი რაოდენობის პრეპარატი ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვადაგასული ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა დაიწყო.

უწყება იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის, ხდებოდა თუ არა ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა და გაყიდვა.

ჰარვონის ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება. პრეპარატს საქართველოს მწარმოებელი კომპანია საჩუქრად უგზავნის, ამიტომ ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ. კლინიკიდან კი მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება.

საგამოძიებო სამსახურმა პროგრამაში ჩართული 32-ვე კლინიკიდან ჩანაწერები ამოიღო.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები