03 მაისი 2024,   09:15
ვრცლად
აფეთქება ფოთში - დაშავებულების ოჯახის წევრები ახალ დეტალებზე საუბრობენ

ფოთში მომხდარი აფეთქების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ვის ეკუთვნოდა ფოთში აფეთქებული ხელყუმბარა და როგორ მოვიდა ის საბრძოლო მოქმედებაში - “კურიერს“ დაშავებულების ახლობლები უყვებიან. F-1 ტიპის ხელყუმბარა სავარაუდოდ, ერთ-ერთ დაშავებულს ეკუთვნოდა.

დაშავებულის დედა კი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ხელყუმბარა გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

„რა ხელყუმბარა, რის ხელყუმბარა, სად ექნებოდა ახლა ჩემს შვილს ხელყუმბარა. გარდაცვლილი იყო ეს ხელყუმბარა იმას ჰქონდა სახლიდან გამოტანილიო, ჩემი შვილი შეესწრო შემთხვევით და კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია,“ - ამბობს დაშავებულის დედა.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. აფეთქებისას გარდაცვლილი რომან სიჭინავას დეიდა ამბობს, რომ მის დისშვილს საბრძოლო მასალასთან შეხება არასოდეს ჰქონია.

თამარ შენგელია ამბობს, რომ სიჭინავას ბოლოს ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა და გაიგო, რომ თბილისიდან ფოთში ჩასული იყო.

ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი დაშავდა. სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ორის მდგომარეობა კი მძიმე რჩება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

ავტორი:სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები