27 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ქართველები - თურქეთში სამუშაოდ წასულებს დამსაქმებელმა 13 ათასი ლირა არ გადაუხადა

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გაუსაძლის სამუშაო პირობებზე ჩივიან. ერთი თვის წინ სამტრედიის რაიონის ორი სოფლიდან, დაახლოებით, 30 ადამიანი თურქეთში თხილის შესაგროვებლად წავიდა.

მძიმე სამუშაოდან მიღებული ანაზღაურება მათ ბოლო იმედი იყო და ეგონათ, რომ ფული გამოზამთრებაში დაეხმარებოდა, თუმცა სახლში თანხის გარეშე დაბრუნდნენ. დაახლოებით, 13 ათასი ლირა მათ თურქმა დამსაქმებელმა არ გადაუხადა.

რამდენიმე ოჯახს საზღვრის კვეთის გამო სახელწმიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, ახლა კი ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

ქართველებმა საქართველოში დაბრუნებამდე თურქეთის სამართალდამცავ უწყებას მიმართეს.

მათი ინფორმაციით, დამსაქმებელი დაკავებულია, თუმცა, გადაიხდის თუ არა ის დარჩენილ დავალიანებას არ იციან.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები