17 ნოემბერი 2018,   11:47
ვრცლად
„ქართული ოცნების“ მიერ მარიხუანის ბიზნესისთვის ანთებული მწვანე შუქი - ეკლესია ხელისუფლებას უპირისპირდება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება - მიზეზი მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინიციატივაა. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მმართველი გუნდი არჩევანის წინაშე დააყენა. თუ მთავრობა უარს არ იტყვის მარიხუანის კულტივაციაზე, მაშინ მას საპატრიარქო დაუპირისპირდება. მეუფე იაკობმა „ქართული ოცნება“ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა დებატებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სიტყვით შს სამინისტროს წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ მარიხუანის პლანტაციების მოშენებას ნულოვანი რისკი ახლავს.

კონფერენციაზე ხელისუფლებას მეუფე მელქისედეკიც დაუპირისპირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასა და კულტივაციის დაკანონებაზე წმინდა სინოდის წევრმა პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა.

მწვავე გამოსვლების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან შეთანხმებით, მისივე თანაშემწემ მამა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მღვდელმთავრებმა საუბარი უნივერსიტეტის სასადილოში გააგრძელეს. თუმცა მეუფე შიომ უნივერსიტეტი დატოვა და არაფორმალურ კონსულტაციებს არ დასწრებია.

დღის ამბები