27 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
ელიტური კორუფციის რისკები საგარეო საქმეთა სამინისტროში - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო უწყებაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი. საქმე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის, ძმას ეხება, რომლის კომპანია ლენდ მარკ პროჯექტს უწყებამ საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად 700 ათასი ლარი გადაურიცხა.

აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ კომპანია თანხის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა და ამასთან, დაკისრებული მოვალეობა ხარისხიანად არ შეასრულა.

თავად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, ამტკიცებს, რომ სამინისტროსა და მისი ძმის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არაფერი იცოდა.

აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მათი დასკვნის პირველადი ვერსია უკვე დავით ზალკალიანის მინისტრობის პერიოდში გადაეგზავნა. ხმაურიან დასკვნაზე დიპლომატიურ უწყებას შენიშვნები მაკონტროლებელ ორგანოსთან არ ჰქონია. ამიტომ კომპანია ლენდ მარკ პროჯექტსის ისტორიის პირველადი ვერსია საბოლოო დოკუმენტშიც დარჩა და პროკურატურაშიც გადაიგზავნა.

უცნობია, რა გეგმა აქვს პროკურატურას და დადგება თუ არა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს მთავარმა პროკურორმა ამ კითხვას არ უპასუხა.

აუდიტის სამსახური დასკვნაში დიპლომატიურ დაწესებულებებში წარმომადგენლობითი ხარჯების არასწორ ხარჯვაზეც მიუთითებს. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნაში წერია, რომ საელჩოების ჩატარებული ღონისძიებების შინაარსი, ინფორმაცია დამსწრე პირებზე და გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია ხშირად შეუსაბამო იყო, რაც ბიუჯეტიდან თანხების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს აჩენს. 

დღის ამბები