26 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
„დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და რომელიც მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში"-ოთარ კახიძე

პარლამენტის სხდომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის კენჭისყრით უნდა დაიწყოს. დეპუტატები იმსჯელებენ იმ დოკუმენტზე, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა. რეკომენდაციებში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რასაც უმრავლესობა  არ დაეთანხმა და ამ დოკუმენტს არ ჰქონდა მმართველი გუნდის მხარდაჭერა კომისიაში.

„დადგინდა ის პირი ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს და არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც  იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ეს პირი მონაწილეობდა  დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში. საუბარია მ.კ.-ზე . ასევე, დადგინდა  კონკრეტული პირების პროკურატურის და საგამოძიებო სისტემაში, რომლებიც ხელს აფარებდნენ და მათ ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. ჯერი ახლა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პროკურატურასა და შსს-ზე, რომ დაიწყოს  მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აგრეთვე შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისკენ. დასკვნაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები პროკურორ ფხაკაძის,  გამომძიებელ ფიფიას და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის ქმედებებში. ეს საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამოძიებას,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომისიის მუშაობის ფარგლებში ცალკე დოკუმენტი მოამზადა მმართველმა გუნდმაც. „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა "ევროპულ საქართველოს“ რეკომენდაციების იმ ნაწილს სადაც საუბარია შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.

„მათ ისურვეს ბოლომდე იმ პოლიტიკური დღის წესრიგით  გაგრძელება საგამოძიებო  კომისიის მუშაობის, როგორც თვითონ დაიწყეს და ამიტომ სამწუხაროა, რომ ვერ შედგა კონსესუსი ამ  დოკუმენტთან. მ.კ-ს როლის  გამოყოფასთან დაკავშირებით კონკრეტულ მკვლელობის ეპიზოდში ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა დაინტერესებულიყო.  ეს მათაც დააფიქსირეს  მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციაში. ისევე როგორც ცალკე უნდა გამოიყოს გ.მ-ს დაჭრის ფაქტი. კონკრეტული პირისთვის ბრალის წაყენების საკითხი არ არის პარლამენტის კომპეტენცია,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები