17 ოქტომბერი 2018,   19:07
ვრცლად
ფაროსანას წამლით უკანონო ვაჭრობა - სურსათის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალის 3 თანამშრომელი, სამსახურიდან დაითხოვეს

„კურიერის“ ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალის 6 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა, მათგან სამი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილი გახდა, გათავისუფლებული თანამშრომლები ფაროსანას შესაწამლად საჭირო სპეციალურ სითხეს დიზელთან მცირე კონცენტრატით აზავებდნენ და დარჩენილი წამლის რეალიზაციას ახდენდნენ. შედეგად, სითხე ფაროსანასთან საბრძოლველად უშედეგო აღმოჩნდა. 

შესაწამლი საშუალების არაეფექტურობაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი მტკიცებით, ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა ბოსტნეული და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

ის ფაქტი, რომ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატის არამართლზომიერი მოხმარების მცდელობები იყო, ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თუმცა, მინისტრის მოადგილემ დღეს დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მასშტაბის შემცირებაზე, ასევე სიმინდისა და თხილის კარგ მოსავალზე ისაუბრა. ხელისუფლების სამოქმედო გეგმას კი სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია.

განადგურებული მოსავლის ამარა დარჩენილი მოსახლეობა, ხელისუფლებისგან რეაგირებას და ფაროსანასგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა მთავრობა კომპენსაციების გაცემაზე უარს ამბობს.

ავტორი: თაკო სურგულაძე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები