27 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
შეშინებულმა, დამფრთხალმა და კორუფციის მორევში ჩაფლულმა „ოცნებამ“ დამატებითი მექანიზმები ჩართო გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო ეთერში ოპოზიციური პარტიის კლიპების განთავსება აიკრძალა, ცენზურად აფასებს.

ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბში საგანგებო განცხადება გააკეთეს.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ტელემაუწყებლებს მიწერა, რომ პოლიტიკურ რეკლამებში არის პორნოგრაფიული შინაარსის უხამსი გამონათქვამები.

ვაშაძის თქმით, რეკლამებში ტრიალებს მხოლოდ ის ფრაზები, რაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„შეშინებულმა, დამფრთხალმა და კორუფციის მორევში ჩაფლულმა „ოცნებამ“ უკვე დამატებითი მექანიზმები ჩართო ჩვენს წინააღმდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წინააღმდეგ და ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ. ამჯერად, უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელმაც მიწერა წერილი სხვადასხვა მაუწყებელს, სადაც აკრძალა ჩვენი რეკლამების განთავსება, რისი არანაირი უფლება არ ჰქონდა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ყველა მექანიზმს იყენებს გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ და საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციას ხელს უშლის.

„მე მოვითხოვ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან, როცა თქვენ გინდათ, მოვალთ ჩვენ შეხვედრაზე, დაგვისაბუთეთ ეს აბსურდული წერილი, რომელიც ახლა თქვენ დაუგზავნეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, გვითხარით, რატომ მიიჩნევთ რომ სალომე ზურაბიშვილი სისტემატურად აკეთებს პორნოგრაფიული შინაარსის განცხადებებს, რაც თქვენ ამ წერილში გიწერიათ, რატომ არის ასეთი უხამსი მათი განცხადება და რატომ არ აქვს უფლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ვისაც სურვილი აქვს, რომ მისი რეალური სახე აჩვენოს საზოგადოებას, რომ გამოააშკარაოს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სამართლებრივ დავას დაიწყებენ და აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩააყენებენ.

GNCC ტელევიზიებს მოუწოდებს, რომ ეთერიდან ამოიღონ სარეკლამო რგოლები „რომლებიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის, სალომე ზურაბიშვილის, არჩევისთვის ხელის შეშლას”.

დღის ამბები