27 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
შუაგზაზე გაგვაჩერეს, პიკეტირება ჰქონდათ მოწყობილი მანქანების - ზაზა სარალიძე პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე  საუბრობს, რა დროსაც სამართალდამცავებმა მისი მანქანა გააჩერეს და კარავი ჩამოართვეს.

ზაზა სარალიძის თქმით, მას თანხმობა ჰქონდა როგორც მერიიდან, ასევე სამართალდამცავებიდან, რომ ორი კარავი მიეტანათ პარლამენტის წინ.

„გუშინწინ მივმართე მე მერიას ოფიციალური წერილით, რომ აქციების ვადა გაგრძელებულიყო და პლუს, წერილში მივუთითე, რომ ამინდების გაუარესების გამო ორი კარავი მაინც უნდა დაგვედგა, რასაც კანონი საშუალებას გვაძლევდა. მერიამ, შესაბამისად, გადაუგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული წერილი და პლუს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, სადაც შემდეგ დავრეკე და საპატრულო დეპარტამენტიდან განმიმარტეს, რომ ცნობის სახით მიღებულია და კანონის ფარგლებში იმოქმედეთ. ასევე, მერიამ იგივე განმარტება მომცა, ცნობის სახით მიღებული გვაქვს, საქმის კურსში ვართ, კანონმდებლობით, რაც არის გათვალისწინებული, შეგიძლიათ იმოქმედოთ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ახლა შეუსაბამო განმარტებას აძლევენ და ეუბნებიან, რომ კარავს არ დაადგმევინებენ.

„შუაგზაზე გაგვაჩერეს, პიკეტირება ჰქონდათ მოწყობილი მანქანების. რა თქმა უნდა, მანქანაში ვიჯექი, უკანა სავარძელზე მეც. გააღეს კარები, მოიტაცეს კარავიც, ადიელები, ბალიშები, თუ რამ გვქონდა „ბაგაჟნიკში“, ნაწილი, ყველაფერი მომიდეს ქურდულად და წაიღეს. არავითარი ჩხრეკის ორდერი არ წარმოუდგენიათ არაფერი, პირდაპირ ნაგლად მოვიდნენ და მოიპარეს, წაიღეს ყველაფერი,“ - განაცხადა სარალიძემ.

დღის ამბები