05 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე - ოპოზიცია ხელისუფლებას შენიშვნების გათვალისწინებას ურჩევს, მმართველ გუნდში კი კრიტიკას ოპონენტების გავლენას უკავშირებენ 

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც 229 შესწორება შევიდა, თბილისში ეხმაურებიან. ევროპარლამენტარები თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ სახელისუფლებო ზეწოლასა და კრიპტოვალუტების გამოყენებით პოლიტიკური კორუფციის მაღალ რისკებზეც საუბრობენ.

მმართველ გუნდში დოკუმენტში შესულ შენიშვნებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებზე გავლენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მოახდინეს.

„ნაციონალური მოძრაობა“, ახალი ნაციონალური მოძრაობა, ვითომ სხვა, რომ არის „ევროპული საქართველო“, რომ არის, ცდილობს ევროპარლამენტში გაიტანოს ფორმულირება, რომელიც არათუ სინამდვილეს არ შეესაბამება, არამედ არის ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უზნეობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს. მათ შორის არის გამოუძიებელი საქმეები, მაღალჩინოსანთა გავლენების სასამართლოსა და პროკურატურაზე.

„ეს კრიტიკა არის მიმართული არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ იმისთვის, გააკრიტიკოს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რომ იქნება შეარბილოს ეს პროცესი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გია ბარამიძე.

ანგარიშში 229 შენიშვნა შევიდა, მათ შორის 6 სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის საქმეს ეხება. ევროპარლამენტის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში რჩება პრობლემები, რომელთა დოკუმენტში დაფიქსირება და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სამომავლოდ ევროკავშირის წევრობა სურს, მოგვარებაც აუცილებელია. სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირება, ერთი კაცის უზარმაზარი გავლენა, სასამართლო ნდობის გარეშე და ხელისუფლების სურვილი გააკონტროლოს მედია კვლავაც პრობლემურ საკითხებად რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები