26 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
ხელისუფლება არასწორ აქცენტებს სვამს - ოპოზიცია მირზა სუბელიანის მიერ გაჟღერებული სკანდალური ფაქტების გამოძიებას ითხოვს

გავრცელებული ჩანაწერი გლდანის ციხიდან საკანონმდებლო ორგანში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილეს. ოპოზიცია პასუხს ითხოვს იმ სისტემურ დანაშაულზე და უმძიმეს ფაქტებზე, რომელზეც  "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერშია საუბარი.

მმართველი გუნდი კი დღეს არსებულ პრობლემებზე საუბარს ისევ წარსულზე მსჯელობას ამჯობინებს და ოპონენტებს ისევ 9 წელს ახსენებს. დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან",  რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ჩანაწერებით ყველა ეჭვი დადასტურდა, რაც ხელისუფლების მიმართ გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში არსებობდა. 

„ყველა ეჭვი, რაც კი არსებობდა - მერაბიშვილის გაყვანა, არასრულწლოვნების მკვლელობა, ინფორმაციისა თუ ჩვენებების ძალადობრივი თუ წამების გზით გამოძალვა, არაფორმალური შეიარაღებული რაზმების არსებობა, ბიზნესისა თუ სხვა საკითხებში წილების გადანაწილება თუ სხვა რამ, ხელისუფლების გარეთ მდგომი პირების ასევე მონაწილეობა“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ პრაქტიკულად წყალგამყოფი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არსებობს. ჭიჭინაძის თქმით, დადგა დრო როცა ხალხმა ეს ორივე ძალა "პოლიტიკურ მოუსავლეთში" გაუშვას.

სწრაფი და ეფექტური გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.

კობერიძე მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, რომ ყველა ფაქტს, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში კითხვები გააჩინა პასუხები გაეცეს.

„გაეცეს კონკრეტული პასუხები ძიების შედეგად და ვიმედოვნებ რომ ეს ყველაფერი მოხდება სწრაფად“-ამბობს კობერიძე.

კობერიძის ამ განცხადებამ რომან გოცირიძის გაღიზიანება გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასწორ აქცენტებს სვამენ.

გოცირიძის თქმით, პროკურატურა იძიებს სკანდალური აუდიომასალის ციხიდან გამოტანის გზებს და არა იმ დანაშაულებებს, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი რომან კაკულია კი ამბობს, რომ უნდა მოხდეს მომხდარის გამოძიება, რათა ნებისმიერი სახის მანიპულაცია გამოირიცხოს.

„ამის შესაძლებლობა დღეს არსებობს. ნურავის ეწყინება, მაგრამ წყარო, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, მის უკან მოიაზრება ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება ამ ტიპის ზემოქმედების ფორმებისა საზოგადოებაზე, თუმცა ეს არავის ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ საზოგადოება იყოს ბოლომდე ინფორმირებული თუ რასთან გვაქვს საქმე,“-აცხადებს კაკულია.

კაკულიას იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ოდნავ უფრო გარკვეული სიტუაცია შეიქმნება დეპუტატების საკუთარ შეფასებებსაც გააკეთებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები