27 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
"ოპოზიცია უფრო დაცულია, ვიდრე თქვენ...ბანდიტების ხელში ხართ, ხალხო“ - ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავს

პატიმრობაში მყოფი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური აუდიო ჩანაწერები საკანონმდებლო ორგანოში ცხარე დებატების მიზეზია. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ.

მმართველი გუნდის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიმართა. დეპუტატმა ნიკა მელიამ ოპონენტებს რაციონალური აზროვნებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ვიდრე დროა დაიხსნან თავი არაფორმალური მმართველების ხელიდან.

„თქვენ არ გაქვთ ბერკეტები, რომ გავლენა მოახდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებაზე, რომელიც მართავს ქვეყანას.

გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავს არაფორმალური დაჯგუფებები, შეიარაღებული, რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კოორდინაციაში არიან მინისტრებთან, განსაკუთრებით,  სუბარი, გახარია... და ამის არ გჯერათ,  რაღაზე უნდა ვისაუბროთ. არ მინდა თქვენთან ჩხუბი, მუშტი- კრივს ხო არ გავმართავთ“-მიმართა მელიამ უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, ამ ჩანაწერმა პასუხი გასცა კითხვას - რატომ არ არის ამ დრომდე დასჯილი ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი. მელიამ შეახსენა ოპონენტებს, რომ 2012 წელს საზოგადოებამ უარი იმიტომ უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათ უკეთესი ხელისუფლება სურდათ.

„რეალურად სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანებს. ვინმეს თუ გგონიათ, რომ ფარცალაძის სარდაფში მხოლოდ ლევან ყიფიანი ჩაიყვანეს...

„ქურდი რომ ყავდა კანონიერი ავალიანი, აწ გარდაცვლილი და აწამებდა ეს ვერ მოვისმინეთ? ხომ არ გაგახსენდათ გვარი თათუხაშვილი?“ - განაცხადა მელიამ.

ამ განცხადების გაკეთების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. პირველად მაშინ, როცა მელიამ ე.წ. ფარცხალაძის სარდაფის ინციდენტი ახსენა და შემდეგ შალვა თათუხაშვილის ხსენების დროს.  

კობახიძემ ნიკა მელია სპექტაკლის დადგმის მცდელობაში დაადანაშაულა, მის განცხადებას უტიფრობა უწოდა და თქვა, რომ დეპუტატი ზღაპრებს ჰყვება.  საპასუხოდ ნიკა მელიამ ოპონენტებს უთხრა, რომ ოპოზიცია ბევრად დაცულია, ვიდრე ის დეპუტატები, რომლებიც მმართველ გუნდში არიან.  

„მე მეგონა რომ აქ დადგებოდა საკითხი, რომ საგანგებო სხდომას მოიწვევდით და მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ... თქვენ ჰყავხართ ტყვეობაში აყვანილი ფარცხალაძეს და სუბელიანს.   ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრი უფრო დაცულია ვიდრე თქვენ... გაცილებით მავნებელი ხელისუფლება ხართ ვიდრე ოდესმე ამ ქვეყანას ჰყოლია. ბანდიტების ხელში ხართ, ხალხო,“-განაცხადა მელიამ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ ხმის ამოღება სირცხვილია.

ბანდიტებიც, სასახლეებიც თქვენსკენ მოიკითხეთ , კრიმინალები თქვენსკენ მოიკითხეთ და საკუთარი პირადი ცოდვებიც მოიკითხეთ, გარდა გუნდის ცოდვებისა. „ნაციონალური მოძრაობა“ მაღალ მატერიებზე რომ საუბრობს ეს არის უბედურება . ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს. „ნაცმოძრაობა“ რომელიც გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ბიზნესის რეკეტით, ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ სპექტაკლებით“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას სიტყვის გაგრძელების უფლება აღარ მისცა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ეკა ბესელიამ მიმართა და მან ისევ წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

საუბრის დასასრულს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის, მისი ჩამწერისა და პენიტენციალური დაწესებულებიდან გამომტანის ვინაობის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები