15 ნოემბერი 2018,   21:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა სახეზეა" - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნოს უმკაცრესი დასკვნა

სამოქალაქო სექტორზე თავდასხმამ იმდენად მძიმე ფორმები მიიღო, რომ უკვე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის სამდივნომაც კი აუცილებლად და ვალდებულად ჩათვალა თავი, რომ ამ ვითარებას გამოხმაურებოდა, რაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება.

გერმანელი უფლებადამცველები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში "სახელმწიფოს მიტაცების" მცდელობაა სახეზე.

განცხადებაში გამოყენებულ ტერმინს "სახელმწიფოს მიტაცებას" კონკრეტული მახასიათებლები გააჩნია. გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა - “Freedom from Fear”-ის განმარტებით: „სახელმწიფოს მიტაცება“ ხდება მაშინ, როდესაც მმართველი ელიტა ან/და ძლევამოსილი ბიზნესმენები პოლიტიკის ფორმირებით მანიპულირებენ და ზეგავლენას ახდენენ თამაშის ჩამოყალიბებულ წესებზე, საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ისინი იღებენ არსებით სარგებელს კანონის მკაფიო უზენაესობის არარსებობის პირობებში. იმავე განმარტების თანახმად „სახელმწიფოს მიტაცების“ დროს მიტაცების სამიზნეს წარმოადგენენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო თუ მარეგულირებელი ორგანოები; ხოლო მიმტაცებლებში იგულისხმება: დიდი კერძო კომპანიები, პოლიტიკური ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები თუ დაინტერესებული ჯგუფები.

შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოში მოქმედმა 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობას ერთობლივი წერილით მიმართა. ისინი ხელისუფლებისგან, პასუხისმგებელი პირების გამოვლენას, ადეკვატურ გამოძიებას, არაფორმალურ მმართველობასა და ქვეყნის კრიმინალური ფორმით მართვაზე რეაგირებას მოითხოვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ამ მიმართვამ საქართველოს მთავრობის როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლები წყობიდან გამოიყვანა, თუმცა ოპონენტების კრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ სულ სხვა თემას მიაბა. სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც სამაუწყებლო კომპანია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს მიუძღვნა, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები ფაშისტებად მხოლოდ იმის გამო მოიხსენია, რომ მათ აღნიშნულ პოსტს ყურადღება არ დაუთმეს.

დღის ამბები